Friday, November 20, 2009

იუმორი ქართულად

იუმორი – რაიმე ამბის, ვისიმე, ან რისამე ნაკლის სასაცილო, კომიკური სახით წარმოდგენა. ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით, ასე განმარტავს უცხო სიტყვათა ლექსიკონი. სამწუხაროდ, ვერსად ნახავთ ტერმინის, ქართული იუმორი, განმარტებას.

აი, რაც შეეხება მოდერნ ქართულ იუმორს… ნამდვილად არ მახსოვს, რომელ წელს, მაგრამ სადღაც 2000–იანებისათვის, მან დიდი აღიარება ჰპოვა. ყველა სხვისი ენით ალაპარაკდა, ის სხვა ხან “ღამის შოუს”, ხან ” CLUB SHOW-ს”, ხანაც “იუმორინას” მსახიობი იყო. ვიცინით ყველაფერზე, ქართრულ–რუსული ომით დაწყებული, პოლიტიკოსების ფიზიკური ნაკლით დამთავრებული, ვის ადარდებს შენი ეთიკა–ესთეტიკა.

ყოველკვირეული დოზა გარანტირებული გვაქვს – მინიმუმ 10 გადაცემა (რომ არაფერი ვთქვათ გამეორებებზე). ეს ყველაფერი, ძირითადად, 2 კრეატივჯგუფისაგან დგება, მათი კრეატივი კი, როგორც ჩანს, ამოუწურავი რესურსია, რადგან ამდენ გამოცდას უძლებს (წარმატებულად, თუ წარუმატებლად, ამაზე თქვენ იმტვრიეთ ტვინი).

აბა, გამოიცანით, ვინ დაიბადა ბრიტანეთში, გაიზარდა ბრაზილიაში და გარდაიცვალა საქართველოში? ფეხბურთი! აი, რაც შეეხება აშშ–ში დაბადებულთ და საქართველოში გარდაცვლილთ, ასეთი ბევრია, თუმცა, ამ ბოლო დროს “THE SIMPSONS-მა ” შეგვახსენა თავი. უი, უკაცრავად, ქართულად – “სამსონაძეებმა”.

გემოვნებას მოვეშვათ, რაც მთავარია დასაქმდა ამდენი ხალხი – მსახიობები, მომღერლები, მოკლედ, თითქმის მთელი შოუ–ბიზელიტა. იმ ერთადერთ სერიაში, რომლის ნახვის ბედნიერებაც მე მხვდა წილად, სამსონაძეებთან სტუმრად მისული ძროხა მათი ოჯახის მეგობრის მეუღლე გახდა. სიმართლე გითხრათ, მე ვერც ლოგიკა ვიყნოსე სადმე, ვერც – “შპილკა” და ვერც – ირონია, მაგრამ, ფაქტია, ეს ერთობ უცნაური ოჯახი მალევე დაინგრა და ჩემმა (ეტყობა, ძალიან კონსერვატიულმა) სინდისმა შვებით ამოისუნთქა.

რა ჭრილში განვიხილო კოხორასა და დშნ–დნნს პოპულარობა, ჯერ ვერ მომიფიქრებია, მაგრამ, აშკარაა, მათით აღფრთოვანებული ქართული საზოგადოება ბევრს ამბობს საკუთარ თავზე. თუნდაც იმას, რომ დაცინვა ყველაზე უკეთ გამოსდის (შეიძლება ეს ორი ადამიანი ამას ვერც ხვდება), ანდა იმას, რომ…უბრალოდ, არ ესმის სხვანაირი იუმორი და რა ქნას?!.

დღესდღეობით იუმორისტული შოუები და სერიალები რეიტინგულობის თვალსაზრისით მოწინავე პოზიციებზე არიან. პრინციპში, წარმატებულად აყალიბებენ საუბრის სტილს, მაყურებლის გემოვნებას, პოპულარულ მიმართვებს…ისიც ფაქტია, რომ გემოვნებაზე ყველაზე მეტს დაობენ…საბედნიეროდ.

No comments:

Post a Comment